აქცია პროკურატურასთან

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულებმა ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

სავაჭრო ცენტრის "ბავშვთა სამყარო" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პროკურატურის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და ბავშვთა სამყაროს მსხვილი აქციონერების, ხელმძღვანელი პირებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მოვაჭრეების თქმით, შოთაძე საქმის გამოძიებას აჭიანურებს და ამ გზით ცდილობს დამნაშავეებს ხელი დააფაროს. დაზარალებულები "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის საქმეში მთავრობის წევრთა ბრალეულობასაც არ გამორიცხავენ.

აქციაზე მისულებმა პროკურატურასთან კარავიც გაშალეს. სამართალდამცავებმა მოვაჭრეებს კარვის აღება სთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ კარვის აღების მცდელობისას, კარავში მყოფი ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება მანამ, სანამ პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. 

ცნობისთვის, "ბავშვთა სამყაროს" ცეცხლი 2017 წლის 30 იანვარს გაუჩნდა. მაშინ, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გულისხმობს. 

კომენტარები