სამთავრობო ცვლილებები

ჯანელიძე: ნაბიჯები იდგმება ოპტიმიზაციისთვის და ბიუროკრატიის შესამცირებლად

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. ჯანელიძის თქმით, ცვლილებების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტები გახდეს უფრო მოქნილი და ეფექტური.

"რაც შეეხება რეფორმებს. რა თქმა უნდა, ამას მიესალმება მთელი მთავრობა. ეს არის მთავრობის ხედვის ნაწილი და თავსებადი ოთხპუნქტიან რეფორმასთან. მისი მიზანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და ზოგადად ჩვენი სისტემა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი, რათა ოპტიმალური რესურსით შეძლოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც დასახული გვაქვს და რომელიც არის მხარდაჭერილი ჩვენი მოქალაქეების მიერ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის. ჩვენ შევთანხმდით ძალიან ამბიციურ დღის წესრიგზე ევროკავშირთან 2017-2020 წლებისთვის. ეს პროცესი წარმართა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამ ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას სჭირდება ასევე ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რასაც უზრუნველყოფს როგორც ვიცეპრემიერის პოზიცია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი რესურსებით." - ამბობს ჯანელიძე.

ჯანელიძე ევროინტეგრაციის უწყების საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები ოპტიმიზაციისა და ბიუროკრატიის შესამცირებლად იდგმება. 

"გამოცდილება არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროში როგორც მოლაპარაკებების, ასევე შიდა უწყებრივი კოორდინაციის. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ჩვენ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ყველა თანამშრომელთან და აუცილებლად ძალიან ღია და ტრანსფარენტული პროცესით განვახორციელებთ შერწყმის პროცესს. ყველა პროფესიონალს აუცილებლად ექნება მომავალი ამ მიმართულებით და თანამშრომლობა გაგრძელდება. არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას და უფრო ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით ჩვენი პრიორიტეტების მიღწევას. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება ოპტიმიზაციისთვის და ბიუროკრატიის შესამცირებლად, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი." - ამბობს ჯანელიძე. 

შეგახსენებთ, რომ ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

კომენტარები