ლგბტქ უფლებები

რის გამო გარიცხეს ქუთაისის კერძო ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლის სტუდენტი?

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული კერძო არაფორმალური განათლების ტრენინგ ცენტრ მედიასკოლიდან მოსწავლე ანზორ სვიანაძე ჰომოფობიური განცხადებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის გარიცხეს. 

როგორც მედიასკოლის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, მედიასკოლელებს დებულებაში ეწერათ, რომ ეკრძალებოდათ სიძულვილის ენის ტირაჟირება. ამასთან, პატარიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ხშირად არ კითხულობენ დოკუმენტებს, რომლებსაც ხელს აწერენ, აღნიშნული დებულებები კედლებზე იყო გაკრული. 

"მუდმივად, როცა ლექციას ისმენენ სხვა თემაზე, ეს ჰქონდეთ თვალწინ და დაიმახსოვრონ იმიტომ, რომ ჩვენ მერე მათ ვუშვებთ სტაჟირებაზე ადგილობრივ პარტნიორებთან, მედია ორგანიზაციებთან და ჩვენი პრესტიჟია, როგორი ღირებულებების და როგორი ეთიკით წავა ჩვენგან მოსწავლე,"- ამბობს ნატალი პატარიძე. 

პატარიძის თქმით, კურსი მოიცავს ჟურნალისტური პროფესიის უნარ-ჩვევების შეძენას, შემდეგ რომელიმე მწვავე სოციალურ თემაზე სიუჟეტის მომზადებას, რის შემდეგაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

მისი თქმით, ანზორ სვიანაძემ აღნიშნული კურსი ერთხელ უკვე გაიარა და "გამომდინარე იქიდან, რომ მან ვერ შეძლო განათლების გაგრძელება სხვა გზით", კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მედიასკოლაში კურსის გავლა. პატარიძის თქმით, ანზორ სვიანაძე მათ ადგილობრივ მედიაში სტაჟირების გასავლელად რეკომენდაციას სთხოვდა. 

"მან ეს კურსი ერთხელ დაასრულა და ვფიქრობდით, რომ შევთანხმდით რაღაც მთავარ ღირებულებებზე, და ისევ დაბრუნდა იმიტომ, რომ ვერ მოახერხა სხვა კუთხით განათლების გაგრძელება და ადგილობრივ მედიაში სატელევიზიო პრაქტიკა უნდოდა და იგივე კურსის გასავლელად შემოვიდა და უცბად იწყებს იმავე სიძულვილის ენის ტირაჟირებას, რაც იცის, რომ ჩვენი დებულებით აკრძალულია და პირველივე ლექცია ამით იწყება," - ამბობს პატარიძე.  

მედიასკოლის ხელმძღვანელის განმარტებით, საქმე მარტივადაა, მათ არ აიღეს ფული იმისგან, ვისთანაც ვერ თანხმდებოდნენ ღირებულებებზე, რადგან რეკომენდაციისა თუ სერტიფიკატის გაცემის შემდეგ მათ პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებდა. 

"შევამჩნიეთ, რომ შედეგი არ გვაქვს და ჩვენთვის მთავარი იყო მედიასკოლის ღირებულებები. ამიტომაც, წინა ფლანგზე დავაყენეთ ეს ღირებულებები, არ გვიღირდა თანხად,"- ამბობს პატარიძე. 

მედიასკოლის ხელმძღვანელის თქმით, ანზორ სვიანაძის სასწავლებლიდან გარიცხვას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და საქმე მიზანმიმართულად არის გაბუქებული და არასწორად შუქდება. ის ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ადგილობრივი თუ სხვა ქალაქში მცხოვრები ნაცისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები ემუქრებიან. ნაცისტური დაჯგუფებების წევრები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ნატალი პატარიძისა და მისი არასრულწლოვანი შვილების ფოტოებს და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. 

პატარიძის თქმით, მას შვილების სკოლაში გაშვების ეშინია, რის გამოც, დღეს სამართალდამცავებს მიმართა და სახელმწიფო დაცვის დანიშვნა ითხოვა. 

მედიასკოლის პედაგოგი ხათუნა მაისურაძე Facebook-ზე წერს, რომ ანზორი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძულვილის ენის ტირაჟირებით. 

"მე ვიცნობ ანზორს, მისი პედაგოგი ვიყავი ერთი წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ ლექციაზე და არაერთხელ გვქონია საუბარი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. კონკრეტული ლექციები აქვს მოსმენილი ჟურნალისტურ ეთიკაზე, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და ასე შემდეგ. ანზორი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძულვილის ენით და ყოველთვის ვპასუხობდი ღიმილით, უკონფლიქტოდ და ახსნა-განმარტებებით. ჰქონდა კიდეც კონკრეტული დაპირისპირების შემთხვევაც აუდიტორიაში. ახლა რაც შეეხება მის გამონათქვამებს:

ტყუილი პირველი - ანზორმა განაცხადა, რომ მას არაფერი სმენია სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციაზე ლექციებზე.

ტყუილი მეორე - შეიძლება, საერთოდ არ გავხდე ჟურნალისტიო. ამ ბოლო ტყუილის საპასუხოდ ვეტყვი, რომ წელს დაბრუნდა თუ არა მედიასკოლაში, პირველივე ლექციაზე ამიხსნა, რომ მისი დაბრუნების მთავარი მიზანი სატელევიზიო სტაჟირება იყო და მთხოვა, რეკომენდაცია გამეწია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ სტუდენტების სურვილებს, რომლებიც ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას სხვადასხვა მედიასაშუალებაში და მის მომზადებას ვგეგმავდი სატელევიზიო პრაქტიკისთვის. ჩემი, როგორც პედაგოგის პოზიციაა, რომ ჟურნალისტი მუშაობს ნებისმიერ თემაზე და სიძულვილის ენის მატარებელს, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვერსად გავუწევდით. მისი მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება პირველად არ მომხდარა და არც ახალი მიღებული სტუდენტი იყო. მეორედ იმიტომ მობრუნდა, რომ მედიასკოლაში, დიახ, მოქალაქეებს და მომავალ ჟურნალისტებს ვზრდით, მას მოსწონდა სწავლების მეთოდი და კონკრეტული პერსპექტივით მოვიდა და მე ვაპირებდი მისთვის ხელის შეწყობას. ეს არ იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ამას სკოლის შიდა განაწესიც გვავალდებულებს. ანზორი გაიცნეს როგორც მედიასკოლელი, როცა რადიოში სტაჟირებაზე გავუშვით, ის უნდა წასულიყო ტელევიზიაში, როგორც მედიასკოლელი. მე ვგმობ #ჰომოფობიას, #სიძულვილისენას და მაქვს პოზიცია, რომ ჩემი სკოლის სტუდენტი ამას არ უნდა ტირაჟირებდეს!," - წერს ჟურნალისტი და პედაგოგი. 

ანზორ სვიანაძემ Facebook-ზე ორი ფოტო გამოაქვეყნა. ერთ ფოტოზე ქართველი ჯარისკაცები იყვნენ გამოსახულები, ხოლო მეორეზე კი - ლგბტქ თემის წარმომადგენლები. ჰომოფობიურ პოსტში, რაც მისი სასწავლებლიდან გარიცხვის საბოლოო მიზეზი გახდა, შემდეგ რამეს ვკითხულობთ:

"!!!! ერთი ფოტო აღწერს გმირებს!! ხოლო მეორე - გეიებს!! გ-ზე მე ვიცი გმირები და არა გეიები! საქართველო მამათმავლობის გარეშე! ეს ქვეყანა საქართველოა. და ამიტომ, ოდითგანვე ვაჟკაცებად ზრდიდნენ საქართველოში შვილებს!! პიდარასტობა ჩვენგან შორს იყო!! მე მიყვარს საქართველო იმიტომ, რომ საქართველოში ქეიფი, ლხინი და სადღეგრძელო უპირველესია. ჩვენი რელიგია, ჩვენი ტრადიცია ჩვენვე უნდა დაგვრჩეს და უცვლელად უნდა გადაეცეს თაობებს!! ეს ჩემი აზრია, რომლის გამოხატვის უფლებაც მაქვს!! ვენაცვალე გმირებს, ვენაცვალე ყველა მოქეიფე და მამულიშვილს!! საქართველო გმირების ქვეყანაა და აქ პიდარასტების ადგილი არ არის!! ქალს ქალი უნდა ერქვას, კაცს კაცი, ხოლო მაგათ კავშირს ოჯახი!! მე <3 საქართველო,"- წერდა სვიანიძე.

კომენტარები