მეგის ქარდავას საქმე

ადვოკატი: მეგის ქარდავა ნაცემია, დაზიანებები ცხვირისა და თვალის არეში აქვს

მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ის ნაცემია. ველიჯანაშვილი უკრაინაში ქარდავას ინტერესების დამცველზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.  

“ამ პროცესზე მეგის ქარდავას [უკრაინელმა] ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ეს უკავშირდება რუსულ სპეცსამსახურებს და ასევე იმ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, ვინც დაპირისპირებულები არიან მეგის ქარდავასთან”- თქვა ველიჯანაშვილმა.

2 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ მათი შუამდგომლობით უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებების მიხედვით, უკრაინულ მხარესთან ქარდავას ექსტრადიციის საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

  • მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  
  • მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ამჟამად ქართული სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავს ქარდავას წინააღმდეგ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს:

  • სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
  • ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.
  • საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 
  • ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

კომენტარები