მიწისქვეშა გადასასვლელები

მიწისქვეშა გადასასვლელებში პატრულირება დაწესდება, შემდეგ - კამერები დამონტაჟდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელების, სკვერების და ბაღების მოწესრიგების შემდეგ, პირველ ეტაპზე ფეხით პატრულირება დაწესდება, შემდეგ კი, კამერები დამონტაჟდება. 

"მერე კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლადშექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია" - უთხრა თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ ინტერპრესნიუსს.

გუშინ, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მიწისქვეშა გადასასვლელები მოინახულა და მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა. მისი შეფასებით, არსებული ვითარება "ვერ უძლებს კრიტიკას". კალაძის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელში სუნის გამო პირბადის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. მან "თბილსერვისის" ხელმძღვანელს მიმართა, რომ გადასასვლელები მორეცხონ და გაანათონ.

თბილსერვის ჯგუფმა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვითი სამუშაოები გუშინვე დაიწყო.

"პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია" - აცხადებს თბილსერვის ჯგუფი და აღნიშნავს, რომ განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება.

კომენტარები