საზოგადოებრივი მაუწყებელი

29 NGO საზმაუში მიმდინარე მოვლენების პარლამენტში განხილვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო 29 არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების პარლამენტში განხილვას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ "მაუწყებელში ხელისუფლების და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდასთან" დაკავშირებით, რაც მათივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას ეწინააღმდეგება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიანიშნებენ ნეპოტიზმზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკაში.

"ბიძინა ივანიშვილსა და მის კუთვნილ კომპანიებთან დაკავშირებული პირების საზოგადოებრივ მაუწყებლის საკვანძო თანადებობებზე და ჟურნალისტის პოზიციებზე დანიშვნამ, სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკა დაიმსახურა. 2017 წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭომ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, რომელიც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის გენერალურ პროდიუსერად და ასევე ივანიშვილების კუთვნილი “მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მაღლაფერიძის მოსვლიდან დღემდე, ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები უკონკურსოდ და მასობრივად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაასაქმეს, მათ შორის წამყვან პოზიციებზე დაინიშნა ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და ა.შ. ინფორმაცია ამის შესახებ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა,"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს/ 

"ბოლო დროინდელმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და შესაბამისად კრიტიკაც ხელისუფლების მიმართ შერბილებულია. მაუწყებელი გამოირჩევა “ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით”, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქართულ მედია გარემოზე,"- წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზმაუს ახალი მენეჯმენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამჭვირვალობასა და საჯაროობას. 

"ეს ინიციატივა ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგეგების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს,"- წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ გადაცემების კონკურსებსაც. მათი განცხადებით, მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბევრჯერ შეცვალა საკუთარი მიდგომა არხზე არსებული გადაცემების მომავალთან დაკავშირებით. ამასთან, მათივე თქმით, კითხვის ნიშნებს ბადებს არხის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პროგრამების "ბუნდოვანი მიზეზით დაწუნება".

"2017 წლის ოქტომბერში საზოგადოების ყურადღების ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელები მოექცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემისთვის განათების შესყიდვის 346 ათას ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი ივანიშვილთან დაახლოებული გოგა ხაიდრავაა. აღნიშნულ გადაცემას მაკა ცინცაძე წაიყვანს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის GDS-ის წამყვანი ჟურნალისტი იყო. როგორც შემდგომ ბერას მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ირკვევა, ის არ იყო აღნიშნული ტენდერის შესახებ ინფორმირებული და მის განკარგულებაში არსებულ ტექნიკას საჩუქრად გადასცემს პირველ არხს. ბერას განცხადებამ დამატებითი კითხვები გააჩინა თუ როგორ გადაწყვიტა კომპანიის ხელმძღვანელობამ მფლობელის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ტენდერში მონაწილეობა, ასევე რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს ძვირადღირებული საჩუქრის მიღება და არსებული მენეჯმენტის ფარგლებში მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება.

ამასთანავე, გოგა ხაინდრავას კომპანიამ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი, 484 ათას ლარის ღირებულების ტენდერი სერიალის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის,"- წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

29 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების გავლენის გაძლიერება იწვევს შეშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობას. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები პოლიტიზირების რისკებს აჩენს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის "არსებობის იდეას" ეწინააღმდეგება და მედია გარემოს საფრთხეს უქმნის. 

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”
  4. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  5. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  6. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. 42-ე მუხლი
  9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  10. საფარი
  11. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  13. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“
  14. უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)
  15. მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი)
  16. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  17. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხარაგაული)
  18. საუნჯე (ზუგდიდი)
  19. Step forward (ბათუმი)
  20. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
  21. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (ახალციხე)
  22. ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის (წეროვანი)
  23. ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)
  24. დემოსი (რუსთავი)
  25. მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)
  26. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  27. მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა)
  28. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  29. მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა)

კომენტარები