გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავედ კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი ცნო.
ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, რომელიც მოქალაქეს სამართლებრივ დახმარებას უწევდა.
პოლიციის ყოფილი თანამშრომლები პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მისცეს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მსჯავრდებულებს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 4 აპრილს მოქალაქე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით გადაიყვანეს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოქალაქემ საკუთარი მეუღლის მიმართ პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან შეურაცხმყოფელი საქციელი გააპროტესტა.