დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცი

ნანუაშვილი: ჩანაწერების არარსებობა კითხვებს აჩენს სამართალდამცავების ქმედებებზე

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი პროკურატურას გამოძიების ეფექტურად ჩატარებისა და უკანონო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავების სისხლისსამართლის პასუხისგებაში მისცემისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველის თქმით, გარდაცვალების მომენტის ამსახველი ჩანაწერების არ არსებობა კითხვებს აჩენს სამართალდამცავების მოქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით. 

"ის ფაქტი, რომ პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე  ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები. მსგავსი ჩანაწერების არსებობა დაეხმარება გამოძიებას და გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პოლიციისადმი საზოგადოების ნდობაზეც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.
ნიშანდობლივია, რომ მოცემულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც
სამწუხაროდ, კვლავ არ არის სრულფასოვნად შესრულებული." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ პტოკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მამაკაცის გარდაცვალების მომენტი არცერთ კამერაზე დაფიქსირებული არ არის. უწყების ინფორმაციით, ორი პარტულ-ინსპექტორის სამხრე კამრებიდან, დაკავების პროცესი არცერთ კამერას აქვს დაფიქსირებული. პროკურატურის ინფორმაციითვე, ინსპექტორების გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ დაკავების დროს ერთს კამერა გამორთული ჰქონდა, მეორეს კი მანქანაში ჰქონდა დასატენად. პროკურატურის ინფორმაციითვე, გარე პერიმეტრზე ერთადერთი კამერა აღმჩნდა, თუმცა კამერის გადაღების არეალში ის ადგილი არ ხვდება, სადაც ინციდენტი მოხდა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინციდენტის ადგილი ვერც პატრულის ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა. 

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჩანაწერების არარსებობაზე საუბარი ტყუილია, რადგან ჩანაწერებში არის, სადაც პირის ცუდად გახდომის მომენტია ასახული, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე, მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. 

კომენტარები