lgbt უფლებები

ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი: ვგმობთ ძალადობას, სრულად ვეთანხმებით გურამ კაშიას

მაესტრო

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ნიკა ჯღარკავას განცხადებით, ფედერაცია გმობს ძალადობას და მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას. ჯღარკავა მაესტროს ეთერში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანის და "ვიტესის" მცველის გურამ კაშიას LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს. 

"ფედერაცია გმობს ძალადობას, მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას, ფეხბურთში ზოგადად დაუშვებელია დისკრიმინაცია, ამაში ფეხბურთის ფედერაცია ერთიანია მის საერთაშორისო ორგანიზაციებთან - ფიფასთან და ეუფასთან. ეს არ არის ახალი ფეხბურთში. 

ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ფეხბურთსა და მის განვითარებაზე, დავიცავთ ყოველთვის ჩვენი ოჯახის წევრებს, მათ შორის გურამ კაშიას, რომელიც პირადად ჩემთვის არის სამაგალითო პიროვნება როგორც მოედანზე, ის მის გარეთ.

ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, დავიცვათ აგრესიისგან ადამიანები, რომლებიც იმ საფეხბურთო ოჯახში შედიან, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობით" - თქვა ჯღარკავამ.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, "ფეხბურთი ძალიან დიდი სოციალური მოვლენაა და არ არის გასაკვირი, რომ ფეხბურთის მეშვეობით ხდება საზოგადოებაში მრავალი მნიშვნელოვანი მესიჯის ტრანსფორმირება, გადატანა და ფეხბურთის მეშვეობით ამაზე მსჯელობა". ნიკა ჯღარკავა აღნიშნავს, რომ "ეს გურამს არ დაუწყია, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, დიდი ხანია, ასე ხდება და ამაში ცუდი არაფერი არ არის".

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თქმით, "რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ყველა ეს აქცია არის საერთაშორისო დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე... არა მგონია, გურამს არ ჰქონოდა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრულად ვეთანხმები მე პირადად და ის ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ და მხარს ვუჭერთ დემოკრატიას. აქ არის საუბარი თანასწორობაზე და ძალადობის დაგმობაზე. აქ არაფერი ახალი და გასაკვირი არ არის".

გადაცემის წამყვანმა ნიკა ჯღარკავას ჰკითხა - "ეს არის ევროპაში, მაგრამ ვეცადოთ ქართულ რეალობას მოვარგოთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თბილისში, მატჩის დროს, გურამ კაშია გაიკეთებდა ასეთ სამკლაურს? თქვენ დაესწრებოდიით?", რაზეც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი პასუხობს, რომ "თბილისი ევროპაა".

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 15 ოქტომბერს ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან. მათ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთაც კი მოითხოვეს.

ფეხბურთელმა მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს რამდენიმე დღეში უპასუხა. ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა კაშიას კითხვა LGBT სამკლაურით თამაშის შესახებ, სწორედ ქართველი გულშემატკივრების გამოხმაურებების გამო დაუსვა. გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ "მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის".

კომენტარები