ვიზალიბერალიზაცია

იანოშ ჰერმანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა

ტაბულა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე უვიზო მიმოსვლის 6 თვის ანგარიში წარადგინა. ელჩის თქმით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 90 000 მოქალაქე იმყოფებოდა.

"შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დიდი წარმატება იყო. პირველ ექვს თვეში დაახლოებით 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით.

მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და შეძლო მოქალაქეებისა და მგზავრების ინფორმირება უვიზო მიმოსვლის პირობებში და შენგენის ზონაში დარჩენის ვადების შესახებ. შედეგად მოსახლეობა კარგად იყო ინფორმირებული უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, რამაც შენგენის საზღვარზე უარის მიღების დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. 90 000-დან მხოლოდ 230-მა მოქალაქემ მიიღო უარი", - ამბობს ელჩი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტორთა აღნიშნული მაჩვენებელი წარმოადგენს მხოლოდ საავიაციო მიმოსვლის მაჩვენებელს, შესაბამისად, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა, ვინც უვიზო მიმოსვლით ისარგებლა, 90 000-ზე მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის დაზუსტებული მონაცემები სავარაუდოდ 2018 წელს გახდება ცნობილი.

კომენტარები