არჩევნები 2017

ელისაშვილი: ვულოცავ გამარჯვებას კახი კალაძეს, ვუსურვებ იყოს წარმატებული მერი

ტაბულა

ალეკო ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დაუჭირა მხარი. მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" ყველანაირი რესურსი გამოიყენა, რომ არჩევნების უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება მოეპოვებინა.

"ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალიან უთანასწორო. ერთი მხრივ იყო ათეულობით მილიონი ლეგალურად რეგისტრირებული თუ არალეგალურად, იყო სახელისუფლებო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა, ჩემს წინააღმდეგ იყო საშინელი ანტიპიარი სოციალურ ქსელებში, იყო უშიშროების ძალიან აქტიური ჩართულობა, გუშინ ვნახეთ ძალიან აღმაშფოთებელი და მიუღებელი ფაქტები, როდესაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ერეკებოდა საარჩევნო უბნებზე სახელისუფლებო პარტია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები არის ოფიციალური შედეგები. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ ყოველთვის იდეებზე გველაპარაკა და არ გველაპარაკა სიძულვილით, ზიზღით. ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად ქართული ოცნება გაძვრა, ქართული ოცნების კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით, მხოლოდ 1%-ით და თანაბარ ბრძოლაში თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა." - თქვა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კახი კალაძეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული მერობა უსურვა.

"თუმცა, გუშინდელი დღე წარსულია და წარსულზე აღარ ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მსურდა ყოველთვის სიძულვილისა და ზიზღის გარეშე, ეს პოლიტიკური კულტურაც იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად, გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, ვუსურვებ რომ იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი. მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის, მერობისთვის, კაბინეტისთვის არამედ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახი კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი მე მხოლოდ მივესალმები."- თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები