პარლამენტი

პარლამენტის შენობების რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, შესაბამის საკითხების მოგვარებისთვის შექმნილი კომისია რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს.

უფრო კონკრეტულად, ოხანაშვილის თქმით, იგეგმება ქუთაისის პარლამენტის გარე პერიმეტრის მოწყობა, თბილისის შენობის რეკონსტრუქცია რესტავრაცია და შიდა სივრცეების მოწყობა. ამისთვის კი, მისივე განცხადებით, დაახლოებით 4 დან 4.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება. 

"პირველადი და გადაუდებელი არის ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი ჩამოდის, ფასადი დაზიანებულია. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატმა უკვე მიიღო და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ქუთაისის პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ. რაც შეეხება თბილისის შენობას, ამ ეტაპზე კომისიის მიერ რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტი განიხილება", თქვა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება. 

სამუშაოების აუცილებლობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

"თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის - შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას",- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები