თბილისის მერია

TI: მერიამ 2 წელიწადში გამარტივებული წესით 157 მლნ ლარის ხელშეკრულება გააფორმა

თბილისის მერია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2015-2016 წლებში თბილისის მერიამ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2 646 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა საერთო ღირებლებამ 157 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ორგანიზაციის ცნობით, გამარტივებული შესყიდვებით 2015-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემაში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი "ბლექ სი გრუპი" იყო, რომელმაც 14,2 მლნ ლარის ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო; მეორე ადგილზე "კავკასუს როუდ პროჯექტია" 12,5 მლნ ლარის ღირებულების 9 კონტრაქტით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის გზით, თბილისის მერიის სისტემაში 2015-2016 წლებში სულ 3,4 მლნ ლარის საერთო ღირებულების 37 კონტრაქტი დაიდო ისეთ კომპანიებთან, რომელთა დაფუძნებიდან ხელშეკრულების დადების მომენტში 1 წელზე ნაკლები იყო გასული.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამიმა, რომ ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული გზით დადებულ ხელშეკრულებებს შორის ვხვდებით ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ავანსის სახით თანხის 80-100%-ის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. მაგალითად, შპს "ენკოსთან" დადებული 703 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, შპს "მანუფაქტურასთან" დადებული 102 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება და ა.შ.

2015-2016 წლებში მერიის სისტემაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებებიდან 12 არ შესრულდა - საერთო ღირებულებამ 3,2 მლნ ლარს გადააჭარბა.

2015-2016 წლებში “ქართული ოცნების” 5 შემომწირველის 5 კომპანიასთან 10,2 მლნ ლარის საერთო ღირებულების 32 გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პირების მიერ განხორციელებული 6 შემოწირულობის ჯამურმა ოდენობამ 177 000 ლარი შეადგინა.

ორგანიზაცია თბილისის მერიის და საკრებულოს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • თბილისის მერიამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს უფრო მაღალი კონკურენცია;
  • გათვალისწინებული უნდა იქნას ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას;
  • თავიდან უნდა იქნას არიდებული გამარტივებული შესყიდვის ხშირად გამოყენება, რათა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და გამოირიცხოს კორუფციული რისკები. აუცილებელია, სათანადო ზედამხედველობა გამარტივებულ შესყიდვებზე.

კომენტარები