მადაგასკარი

მადაგასკარზე შავმა ჭირმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ICRC

მადაგასკარზე შავმა ჭირმა სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 230 ინფიცირებული კი, საავადმყოფოშია მოთავსებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მადაგასკარის მთავრობას ანტიბიოტიკის მილიონზე მეტი დოზა გაუგზავნა, მაგრამ ეპიდემიასთან გამკლავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მადაგასკარზე შავი ჭირით ყოველწლიურად 400 ადამიანი ავადდება, თუმცა ფატალური შედეგი იშვიათია ხოლმე. წელს, კუნძულზე, პნევმონიურ შავ ჭირს ებრძვიან ანუ დაავადება ფილტვებს ედება და ეპიდემია ხველებით გადადის. გაურკვეველია, როდის დაიწყო ინფექციამ გავრცელება, მაგრამ სიკვდილის პირველი შემთხვევა 28 აგვისტოს დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, შავი ჭირი სწრაფად ვრცელდება. არსებობის საწყის ეტაპზევე ეპიდემია მადაგასკარის რამდენიმე ქალაქს მოედო და არის საშიშროება, რომ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწიოს. კუნძულზე შეჩერებულია სწავლის პროცესი, აკრძალულია ციხეებში პატიმრების მონახულება ან საჯარო თავშეყრის ადგილებზე სიარული და გართულებულია ქვეყნის დატოვების პროცესი. რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე გააუქმა ფრენები მადაგასკარის მიმართულებითაც.

კომენტარები