არჩევნები 2017

ოცნება: ბაღების გამგეები კამპანიაში ჩართულები არიან პარტიული სტატუსის შესაბამისად

41.ge

ქართული ოცნების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების თანამშრომლები საარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან, არა როგორც ბაღის თანამშრომლები, არამედ მათ პარტიული სტატუსის ფარგლებში და შესაბამის საქმიანობას არასამსახურებრივ საათებში ახორციელებენ. პარტია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი ქართული ოცნებისგან პარტიულ დავალებას არ იღებს.  

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი  ქართული ოცნებისგან არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად. ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში.“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ სასწავლო დაწესებულბების პოლიტიზება და ადმინიტრაციული რესუსრსის გამოყენება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასრულდა.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.“ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია მონიტორმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, საჯარო ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. ინფორმაცია მონიტორთან რამდენიმე ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. თითოეულ მათგანს 100-დან 200-მდე ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა დაევალა. სტუდია "მონიტორის" წყაროს ცნობით, დირექტორებმა კალაძის მხარდამჭერთა სია ახლობლების და მეგობრების მეშვეობით შეადგინეს და სააგენტოში წარადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავალება ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა. თავად თოდრაძე ინფორმაციას უარყოფს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უარყოფს თავად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. 

კომენტარები