საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი და ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციაზე 4 წინადადებას სთავაზობს

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს. გადაწყვეტილება შეთავაზების შესახებ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, შეთანხმება შემდეგ საკითხებზე შედგა: 

”ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6 პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმით, თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და მაჟორიტარები წინააღმდეგობას გაწევენ, „ოპოზიცია სთავაზობს უმრავლესობას, დაუმატოს 32 საპარლამენტო ხმა“.

კომენტარები