არჩევნები 2017

ელისაშვილი კალაძეს: დავსხდეთ დებატებზე, შემდეგ ფეხბურთში შეგეჯიბრები

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ამჯერად ელისაშვილმა კალაძეს საფეხბურთო მოედნიდან მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში დებატების შემდეგ ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეეჯიბრება. 

”ჩემს ძირითად კონკურენტს, კახა კალაძეს, გუშინ შევთავაზე პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დაჯდომა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარი. კალაძე ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის ”დინამოშიც”, ”მილანშიც” და ღამეები მითენებია მისი თამაშების ყურებაში. ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი ”ტფილისის ჰამქრის” თავმჯდომარე, ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე შევჯიბრებოდი. მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო კახი, ყველა ბილბორდი შენ გაქვს (მე ასეთი ფული არ მაქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს, არც მილიარდერი მეგობარი მყავს), ამის მიუხედავად დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძალიან იაფია. თანაბარი მოცემულობაა - ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში და უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიციის მართებულობა. ჰოდა, გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს”, - აცხადებს ელისაშვილი.

​ელისაშვილმა კალაძე დებატებში რამდენიმე დღის წინაც გამოიწვია, თუმცა კახა კალაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ "გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან". 

კომენტარები