ბიუჯეტის დეფიციტი

2018-ში მთავრობა 3.3%-იან დეფიციტს გეგმავს - ირღვევა თუ არა თავისუფლების აქტის მოთხოვნა

ტაბულა

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტიდან ცნობილი ხდება, რომ მთავრობა მომავალ წელს ბიუჯეტის 3.3%-იან დეფიციტს გეგმავს, ეს კი 3%-იან ლიმიტზე მეტია, რასაც მთავრობას ეკონომიკური თავისუფლების აქტი უწესებს, თუმცა ამის მიუხედავად მთავრობა ამ კანონის მოთხოვნებს არ არღვევს.

ბიუჯეტის პროექტში წერია:

"2018 წლის დეფიციტი განისაზღვრება მშპ-თან მიმართებაში 3.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 3,5%-ის ფარგლებში), ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 2.5%-მდე",- წერია ბიუჯეტის პროექტში.

ბიუჯეტის სხვა ნაწილში კი წერია, რომ ქვეყანაში არა 3.3%-იანი, არამედ 1.6%-იანი დეფიციტი იქნება. რა არის ბიუჯეტის დეფიციტის ორი განსხვავებული მაჩვენებლით გამოსახვის მიზეზი?

ბიუჯეტის დეფიციტი ბიუჯეტის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობას აჩვენებს. 3.3% კი არის ბიუჯეტის დეფიციტის ის მაჩვენებელი, რომელიც გამოთვლილია სავალუტო ფონდის იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც ფონდი საქართველოს და სხვა ქვეყნების ბიუჯეტის შეფასებისთვის იყენებს. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი განსხვავებულადაა განმარტებული და ის "ბიუჯეტის ნეგატიური სალდოს" აღნიშნავს. ეს განმარტება ეფუძნება GFSM 2001-ის მეთოდოლოგიას. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც ფინანსური აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებს არ განიხილავს, დეფიციტის ფორმირების წყაროს, 2018 წელს ქვეყანაში 1.6%-იანი დეფიციტი იქნება. თუმცა სინამდვილეში დეფიციტი ამაზე ორჯერ მეტი იქნება. 

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ გაიზრდება და არ დაწესდება არცერთი ახალი გადასახადი. ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ უნდა გადააჭარბოს 60%-ს, ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

თავისუფლების აქტის მიხედვით, დეფიციტის 3%-იანი ნიშნულის გადაჭარბება შესაძლებელია, თუ მთავრობა წარადგენს გეგმას, რომ დეფიციტი მომდევნო წლებში შემცირდება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქართულმა ოცნებამ დათქვა, რომ თავისუფლების აქტი მხოლოდ მომდევნო 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს, შემდეგ კი ის შესაძლოა გაუქმდეს. 

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ქვეყანაში 3%-ზე მაღალი საბიუჯეტო ინფლაციის არსებობა ქვეყანას ფისკალურ რისკებს უქმნის. 

კომენტარები