კრიმინალი

ტყის მცველის მკვლელობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. ერთხმად სცნო დამნაშავედ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი კ.ყ. შეესწრო, რომელიც შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც თ.რ.-მ მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ.  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ პროკურატურაში.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ სცნო 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა თ.რ. 2017 წლის 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხოვლეში ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება.

კომენტარები