რკინიგზა

Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზას საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა

Reuters

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. რეიტინგის შემცირების მიზეზი სარკინიგზო გადაზიდვების ვარდნა გახდა.

Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა. 

2017 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს რკინიგზამ 6.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. გასულ წელს კი ტვირთების შემცირებამ 16% შეადგინა, კომპანიის შემოსავლები კი 23%-ით დაეცა.

რკინიგზის ტვირთბრუნვის კლება წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წელს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები