შიდა ვალი

2018 წელს მთავრობა 400 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს

ტაბულა

პარლამენტში შესული 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობა 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. ეს ზუსტად იმდევნივეა, რამდენსაც მთავრობა 2017 წელს იღებს.

რა არის შიდა ვალი?

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს. შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა.

მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2016 წელს კი შიდა ვალის მოცულობა თავდაპირველად 200 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა იმის გამო რომ მთავრობამ საერთაშორისო გრანტების აღება ვერ შეძლო ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად წინასწარ განსაზრულზე 179 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალის აღება მოხდა.

წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობები ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - 172 მილიონი ლარი
  • 2011 წელი - 91 მილიონი ლარი
  • 2012 წელი - 58 მილიონი ლარი
  • 2013 წელი - 150 მილიონი ლარი
  • 2014 წელი - 573 მილიონი ლარი
  • 2015 წელი - 572 მილიონი ლარი
  • 2016 წელი - 379 მილიონი ლარი
  • 2017 წელი - 400 მილიონი ლარი
  • 2018 წელი - 400 მილიონი ლარი

იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს კომერციული ბანკებიდან, ის ამ დროს კონკურენციაში შედის ჩვეულებრივ მომხმარებლებთან (ვალის აღების მსურველ ბიზნესებთან, ფიზიკურ პირებთან) რომელთაც სესხის აღება უნდათ. ამას გამოდევნის ეფექტი ეწოდება.

კომენტარები