ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა

fraserinstitute.org

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 159 ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებია შეფასებული და ის 2015 წელს არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ინსტიტუტის შეფასებით, საქართველო 158 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლებით მერვე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით პოზიციების გაუარესებას წარმოადგენს. 2016 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელიც 2014 წლის მაჩვენებელს ასახავდა საქართველო მეშვიდე ადგილზე იყო. პოზიციის გაუარესება საქართველოს აბსოლუტური ქულის გაუარესებამ გამოიწვია, წლევანდელ ინდექსში საქართველომ 10 ბალიანი შეფასების სკალის მიხედვით 8.01 ქულა მიიღო, წინა ინდექსში კი მას 8.02 ქულა ჰქონდა.

საქართველოს პოზიციების გაუარესება სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით საქართველოს პოზიციების გაუარესებას და ასევე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებს უკავშირდება. 2016 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელიც 2014 წელს ასახავდა საქართველოს სასამართლო სისტემა შეფასებული იყო 6.61 ქულით, წელს კი ქართულმა სასამართლომ 6.57 ქულა დაიმსახურა. ეს კი ნიშნავს, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებით საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა შემცირებულია.

ზოგიერთ კრიტერიუმში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა. მაგალითად, საერთაშორისო ვაჭრობის კრიტერიუმში საქართველოს ქულა 8.66-ია, წინა წელს კი ის 8.64 ქულით იყო შეფასებული. ასევე ზრდა შეიმჩნევა რეგულაციების გამჭვირვალობის მიმართულებით, წელს რეგულაციური სისტემა 8.05 ქულითაა შეფასებული, შარშან კი ის 7.99-ზე იყო.

მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჰონგ კონგი
  2. სინგაპური
  3. ახალი ზელანდია
  4. შვეიცარია
  5. ირლანდია
  6. გაერთიანებული სამეფო
  7. მავრიკი
  8. საქართველო
  9. ავსტრალია
  10. ესტონეთი

 

კომენტარები