საკონსტიტუციო ცვლილებები

NGO-ები პრეზიდენტს: დაადეთ ვეტო კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას

არასამთავრობო ორგანიზაციები და კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს კონსტიტუციის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება და რომელიც, მათი შეფასებით, რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს. 

„მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში წარმოდგენილ ცვლილებებს და ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რათა არ დაუშვათ რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალ კონსტიტუციაში, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ მიიღო, ნათქვამია, რომ საქართველოში დაცულია რელიგიის თავისუფლება, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ “ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”

ხელმომწერები მიუთითებენ, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება" და "მართლმსაჯულების განხორციელება" არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რელიგიის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამასთან, მათი თქმით, იზრდება საფრთხე, კონსტიტუციური დებულება რელიგიის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდეს.

ვენეციის კომისიის ორივე მოსაზრებაში ეს ჩანაწერი ნეგატიურად იყო შეფასებული, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი კრიტერიუმებით რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, ასევე კატეგორიულად არ უშვებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და არც ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

განცხადებას ხელს 15 არასამთავრობო ირგანიზაცია და ათზე მეტი კონსტიტუციონალისტი აწერს. 

კომენტარები