საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით 9 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. წარდგენამ კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციამ მიხეილ ჯანელიძეს იმის გამო უსაყვედურა, რომ ის, მათი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში არ გამოცხადდა.
"კანცელარიაში ძალიან დიდი ხანია გაქვთ უმცირესობის წერილი, სადაც ჩვენ გთხოვეთ, რომ სექტემბრის განმავლობაში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს მობრძანებულიყავით პარლამენტში და უმცირესობის კითხვებისთვის გაგეცათ პასუხი. საერთოდ პარლამენტის იმისთვის არის დაყოფილი, თუ თქვენ არ იცით, ბიუროდ, კომიტეტებად და შემდეგ სხდომად, რომ ეს არის სავალდებულო. ჭკუას არ გასწავლით, მე მაინტერესებს თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე? გეშინიათ და გირჩევნიათ უმრავლესობის ზურგს იყოთ ამოფარებული, თუ რა არის თქვენი მოტივაცია?" - მიმართა ნადირაშვილმა ჯანელიძეს.
ნაციონალური მოძრაობის შენიშვნა კი ბორჯომის ხანძრის დროს დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვას ეხებოდა. სალომე სამადაშვილი ჯანელიძეს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კიდევ არ უპასუხებს მის კითხვებს პარლამენტში.
"მე მესმის, რომ თქვენთვის რუსეთი არ არის მტრული სახელმწიფო, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირები ბიზნესის სფეროში რუსეთთან გასაგებია, მათ შორის თქვენი ეკონომიკის მინისტრის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო არის ოკუპანტი სახელმწიფო ამ ქვეყნის. მაინტერესებს, რომ თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თვლით თუ არა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებას აგრძელებს ჩვენი ქვეყნის, დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ სისუსტეს და კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ, როდის და რა ფორმით მიმართეთ რუსეთს დახმარებისთვის ბორჯომის ხანძრის დროს, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებამ დღემდე ვერ მოისმინა", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომელიც სხდომას ასევე ესწრებოდა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საყვედურის უფლება არ აქვთ, ვინაიდან "მათი მინისტრები პარლამენტში საერთოდ არ დადიოდნენ".
"მართლაც ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა, ვინაიდან მინისტრები მობრძანდებიან. საზოგადოების წევრებს აქვთ საშუალება, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ. და უკვე მეორედ ვხედავ ბატონ მიხეილ ჯანელიძეს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მე რატომღაც არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დროს, როდესაც მინისტრები ესე მობრძანდებოდნენ და საერთოდ აბარებდნენ ანგარიშს როგორც პარლამენტს, ასევე საზოგადოებას. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საყვედურები, რომ საერთოდ არ მოდის მინისტრი, ძალიან დიდი ტყუილია. მოვუწოდებდი კოლეგებს, არ იკადრონ ესეთი ტყუილი. რაც შეეხება რუსეთის თემას, მე მართლა გაოცებული ვარ, გასაკვირია ჩვენ საყვედური, რადგან წინა ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსეთის მოქალაქე. აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებთ და თუ გგონიათ, რომ საზოგადოება ამას ვერ ხვდება, ძალიან ცდებით", - თქვა სოფო კილაძემ.
კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის კითხვებს მიხეილ ჯანელიძემ არ უპასუხა, დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დრეს განხილვის თემა დიასპორის პოლიტიკა იყო, ოპოზიციის კითხვები კი სხვა თემებს ეხებოდა.
"დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე, მე ძალიან დიდი პროგრამა და სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და სამწუხაროდ, არც ერთი კითხვა, არც ერთი შენიშვნა ოპოზიციის მხრიდან საკითხთან მიმართებაში არ იყო. ეს არის უპასუხისმგებლობა ოპოზიციის საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოებისადმი. ამიტომ თუ უნდათ მათ, რომ როდესმე მოიპოვონ მხარდაჭერა, კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.