არჩევნები 2017

ასავალ-დასავლის ჟურნალისტი და ქართული ოცნების სიის სხვა გამორჩეული წევრები

ტაბულა

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ 21 სექტემბერს დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. პარტიას ახალი სახეები ჰყავს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც წარსულში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავი სხვადასხვა აქტივობით დაამახსოვრეს.

მათ შორის არიან:

ბექა სივსივაძე


ფოტო: ობიექტივი

სივსივაძე ქსენოფობიური და ჰომოფობიური გაზეთის "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი იყო. მისი ჟურნალისტური პროდუქტი სიძულვილის ენის შესახებ ანგარიშშიც მოხვედრილა.

მაგალითად, ასავალ-დასავალის 2012 წლის 9 ივლისის ნომერში მურმან დუმბაძესთან ინტერვიუსას სივსივაძე ასეთ კითხვებს სვამს:

„ბატონო მურმან, „დიდ თურქობაზე“ მინდა გსაუბროთ. არაერთგზის ითქვა, რომ გონიოში გაუსაძლისი სიტუაციაა და თურქებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორდელები აქვთ გახსნილი...“

„ბატონო მურმან, თურქები მასპინძლებს უფრო გვანან, ვიდრე სტუმრებს. მგონი, მთელი ბათუმი იყიდეს უკვე...“

მისი კიდევ ერთი კომენტარი ამავე ინტერვიუდან კი ასე ჟღერს: „და ბოლოს, ბატონო მურმან, შეგვიძლია, ქართველ კაცებს შევუძახოთ, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან პლაჟზე გასულ მათ ქალებს, შეიძლება თურქმა უჩქმიტოს.“

ბექა სივსივაძეს ანტიამერიკული გამოსვლებიც ჰქონია. 2011 წელს "საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში ის 26 მაისის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ აქციის დაშლის ბრძანება ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა, ჯონ ბასმა გასცა.  

"რაც შეეხება აქციის დაშლის ბრძანებას, როგორც ჩანს, იგი აშშ-ის ელჩმა გასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელია. არაერთ პოლიტიკოსს უთქვამს, რომ მიშა სწორედ მისგან იღებს ინსტრუქციებს! სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც სურს, ქართველებს ტრაქტორით გადაუაროს. ტრაქტორი არ ყოფილა იქ, მაგრამ სპეცრაზმელებმა მართლაც ტრაქტორებივით გადაუარეს ქართველ ხალხს".

მიხეილ მესხი


ფოტო: რეპორტიორი

ის პატიმრობიდან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მესხი 2010 წლის 7 მაისს, ილიაუნის შენობასთან ერეკლე დეისაძის წიგნის, “საიდუმლო სირობის” წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც დეისაძის გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ, ამბობენ, რომ მესხმა მათზე ფიზიკურადაც იძალადა.

“ადამიანს, რომელიც უწმინდესზე, ქართულ ლიტერატურაზე და საკუთარ დედაზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რა უნდა მოვთხოვოთ. ამ ადამიანების ადგილი არის ჰოლანდია, იტალია და წავიდნენ, იქნებიან თავისუფლად. სიტყვის თავისუფლება არსებობს, ჩვენ ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, მაგრამ ასეთი სიტყვის თავისუფლება საქართველოში არ უნდა იყოს. ამისთვის ბრძოლობდა დავით აღმაშენებელი? ამისთვის ბრძოლობდა მერაბ კოსტავა? ეს საშინელებაა. კანონებით თუ ვილაპარაკებთ, ყველას ბევრი კანონი აქვს, მაგრამ ასეთი საშინელება საქართველოში არ უნდა დავუშვათ”, - ამბობდა მესხი აქციაზე.

ის 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობდა - ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიური საპრეზიდენტო ანგარიში უნდა წარმოედგინა, თუმცა ყოფილმა პოლიტპატიმრებმა მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მათ შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხიც. მესხი და ვაჩნაძე ამ აქციაზე ხულიგნობისთვის დააკავეს და 100-100 ლარით დააჯარიმეს.

თინათინ ნიბლოშვილი

ფოტო: Mediamall

ის “ახალგაზრდა ადვოკატების” დამფუძნებელია. ეს ორგანიზაცია აქტიურად ებრძოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების სხვა შტოების თავდასხმის ობიექტიც იყო.

2014 წელს ორგანიზაციამ ტაბულას რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში უჩივლა: ის ორგანიზაციის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს და მათ შესახებ გაკეთებული განცხადების უარყოფა მოსთხოვეს - ტაბულას რედაქტორმა Facebook-ზე თინათინ ნაბლოშვილის ქართული ოცნების ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, “ახალგაზრდა ადვოკატები” ქართული ოცნების აქტივისტებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებენ. ნაბლოშვილმა საქმე ორივე ინსტანციის სასამართლოში წააგო, ვინაიდან სასამართლომ ჩერგოლეიშვილის Facebook პოსტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმულ პოზიციად მიიჩინია.

ბექა დავითულიანი


ფოტო: ბექა დავითულიანი

დავითულიანი 2013 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციაში სამმართველოს უფროსად მუშაობდა, მანამდე კი იურიდიული საქმიანობით იყო დაკავებული. 

2016 წლის ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ლიბერალზე გამოქვეყნებულ ერთერთ ბლოგპოსტში - “ტერორიზმი, როგორც პოეზია” - დავითულიანი წერს:

“ტერორიზმი, ერთი მხრივ, უმწეოა არსებულ სისტემაში ვერრეალიზებული, განდევნილი ადამიანების პროტესტია, მეორე მხრივ კი, პოეზია, რადგან არაფერია იმაზე უფრო პოეტური, ვიდრე სასოწარკვეთილი ადამიანის თავგანწირვა, არამატერიალურის სახელით გალაშქრება გაბატონებულ, უსულო სისტემაზე. ეს ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაა. ცინიკური ცივილიზაციის მიერ არმიღებული, გამხეცებული ადამიანის სასოწარკვეთა”.

ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები