არჩევნები 2017

TI მერიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს, მერია საზოგადოების ინფორმირებაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, თბილისის მერიის ვიდეორგოლი, სახელწოდებით "გაკეთდა თბილისისთვის", არღვევს კანონმდებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

"ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით "გაკეთდა თბილისისთვის", რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ, კი უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI მიუთითებს "მაუწყებლობის შესახებ კანონის" 66′-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15 ივნისის №398/18 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული ამ სტატუსით. ამასთან, TI მიუთითებს, რომ რეკლამა არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის მერიას ვიდეოს მაუწყებლებში განთავსების მხოლოდ ერთი საფუძველი რჩებოდა და ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის 66′-ე მუხლის მე-2 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება "საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით".

"მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ, ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, TI მიუთითებს, რომ რადგან მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, ასეთი რეკლამების გაშვება ამომრჩევლის მიერ, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს შეისწავლოს ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ზომები; ხოლო თბილისის მერიას - შეწყვიტოს მსგავსი რეკლამების ტელევიზიებში განთავსება;

TI მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასაც, რათა ის დაინტერესდეს ამ საკითხით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია.

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან "კლიპები მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადიოდა".

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, ვიდეორგოლი მიმდინარე კვირიდან აღარ გადის სატელევიზიო ეთერში, რადგან სარეკლამო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

რაც შეეხება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, აქ ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტის შესწავლას აპირებენ.

"კომისია შეისწავლის კომპეტენციის ფარგლებში და დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად მოახდენს რეაგირებას", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები