ეკა ბესელია: პრეზიდენტი ხალხს კანონმდებლად არ აურჩევია

facebook.com/parliamentgeo

მმართველი გუნდი პრეზიდენტს კვლავ უპირისპირდება. მიზეზი საკონსტიტუციო რეფორმა და ის შენიშვნებია, რომლებიც გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიებთან ერთად ქართულ ოცნებას და ვენეციის კომისიას გუშინ გადაუგზავნა. ეკა ბესელიას თქმით, კონფრონტაციის ველს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ქმნის. ამასთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებები 8 თვის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა, ამიტომ ლეგიტიმაცია სწორედ უკვე ორი მოსმენით დამტკიცებულ პროექტს აქვს და არა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღეში მომზადებულ შენიშვნებს. 

"განსაკუთრებით საყურადღებო და დამაფიქრებელია ის პარალელური პროცესი, რაც მიმდინარეობს ახლა ერთადერთი მიზნით, რომ არათუ გადაიდგას ნაბიჯები თანხმობისკენ და ქვეყნისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის კონსოლიდირებისკენ, არამედ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაციის ველი შეიქმნას ამ პროცესში. წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ხდება. მაინტერესებს, შედეგი იმ პროცესისა, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიურ, ყოველდღიურ, თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, პროცესი, რომელიც ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრით, საერთო სახალხო განხილვით დასრულდა - რატომ არის იგნორირებული, რა ლეგიტიმაცია აქვს 3 დღეში შექმნილ პროექტს. 

პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანოს აქვს ხალხის მანდატი, რომ მან უნდა შექმნას კანონი და მათ შორის კონსტიტუციური რეფორმაც გაატაროს. როდესაც ბალანსის და ხელისუფლების შტოებს შორს არბიტრის როლის ნაცვლად, რომელშიც პრეზიდენტი უნდა იყოს, მას ვხედავთ კანონმდებლის როლში, ეს, ბუნებრივია, ქმნის კონფრონტაციის ახალ ველს. [პრეზიდენტის მიერ შემუშავებული შენიშვნები] უფრო გავს საკუთარ სურვილებზე აწყობილ ახალ მოდელს", - თქვა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.  

კომენტარები