კრიმინალი

შსს: ყალბი საბუთების დამზადებასა და საზღვრის გადაკვეთის მცდელობაზე 2 პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოსა და ირანის მოქალაქეები დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თ.ჰ.-მ, სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. ასევე, დადგინდა, რომ მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვ", - აღნიშნულია შსს-ს განცახდებაში.

უწყების ინფორმაციითვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე საპატრულო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, საქართველოს მოქალაქის 7 ცალი პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ირანის მოქალაქის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა), სსკ-ს 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და სსკ-ს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება) მიმდინარეობს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მას გამოძიება ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარებაში (სსკ-ს 19-25-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარებაში (სსკ-ს 19-25-344-ე მუხლის პირველი ნაწილი), და ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებასა და გასაღებაში (სსკ-ს 362-ე მუხლის პირველი ნაწილი) სდებს ბრალს.

კომენტარები