ინტერნეტი

ოცნების დეპუტატი ინტერნეტის "მავნე ინფორმაციისგან" გაფილტვრის კანონზე მუშაობს

Reuters

ინტერნეტ-პროვაიდერებს შესაძლოა, ახალი რეგულაცია დაუწესდეთ, რაც მათ მომხმარებელთა ონლაინ აქტივობის "მავნე ინფორმაციისგან" გაფილტვრას დაავალდებულებს. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძეა, მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ არასრულწლოვნები ახალი ტიპის მავნე ზეგავლენების ქვეშ დააყენა. "კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა" - ამბობს ხუნდაძე. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონებს აერთიანებს პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. სწორედ ინიცირების შემდეგ გაირკვევა ზუსტად რა მექანიზმით ცდილობს ოცნების დეპუტატი ბავშვთა მავნე ზეგავლენისგან დაცვას.

"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო. სახელმწიფო არ აწესებს კონტროლს ინტერნეტ სივრცეზე. საუბარია ბავშვების არასასურველ ინფორმაციაზე წვდომისგან დაცვაზე. თუ მშობელი ჩათვლის, რომ მის შვილს უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთი ტიპის ინფორმაციაზე, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მშობლები ახალი კანონპროექტის კმაყოფილები არიან და ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი კონკრეტულ შედეგამდე მივიყვანოთ. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულებები ეკისრება. ერთ-ერთი რეგულაციაა ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა"- ამბობს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე ინტერნეტის რეგულირების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. 2016 წლის 17 თებერვალს ის პორნოსაიტების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა. მაშინაც ხუნდაძე ამ ინიციატივის აუცილებლობაზე ბავშვების დაცვის მოტივით საუბრობდა:

"პორნოგრაფიული საიტები, უკანონო და ყალბი ტრანზაქციები, და იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც საზიანო შეიძლება, აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში, დიდი ხანია უკვე, ამ ტიპის რეგულაციები მიღებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც, პროვაიდერებმა უნდა შეძლონ გარკვეული ფილტრების დაყენება", - ამბობს ხუნდაძე.

კომენტარები