ინტერნეტი

დიმიტრი ხუნდაძე ბავშვების დაცვის მოტივით ინტერნეტ ცენზურის შემოღებას ითხოვს

ტაბულა

პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მომზადებული კანონპროექტები, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერებს ახალ რეგულაციებს უწესებს. საუბარია ინფორმაციის ფილტრაციის სპეციალურ პროგრამების სავალდებულო წესით შემოღებაზე. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძეა, მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ არასრულწლოვნები ახალი ტიპის მავნე ზეგავლენების ქვეშ დააყენა. "კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა" - ამბობს ხუნდაძე.

"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო. სახელმწიფო არ აწესებს კონტროლს ინტერნეტ სივრცეზე. საუბარია ბავშვების არასასურველ ინფორმაციაზე წვდომისგან დაცვაზე. თუ მშობელი ჩათვლის, რომ მის შვილს უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთი ტიპის ინფორმაციაზე, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მშობლები ახალი კანონპროექტის კმაყოფილები არიან და ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი კონკრეტულ შედეგამდე მივიყვანოთ. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულებები ეკისრება. ერთ-ერთი რეგულაციაა ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა"- ამბობს ხუნდაძე.

პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი ჯერ-ჯერობით არ შესულა, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია როგორი იქნება ამ რეგულაციის მოქმედების ზუსტი მექანიზმი.

დიმიტრი ხუნდაძე ინტერნეტის რეგულირების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. 2016 წლის 17 თებერვალს ის პორნოსაიტების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა. მაშინაც ხუნდაძე ამ ინიციატივის აუცილებლობაზე ბავშვების დაცვის მოტივით საუბრობდა:

"პორნოგრაფიული საიტები, უკანონო და ყალბი ტრანზაქციები, და იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც საზიანო შეიძლება, აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში, დიდი ხანია უკვე, ამ ტიპის რეგულაციები მიღებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც, პროვაიდერებმა უნდა შეძლონ გარკვეული ფილტრების დაყენება", - ამბობს ხუნდაძე.

კომენტარები