აშშ-საქართველო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს

parliament.ge

ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია. ამის შესახებ აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი. ჯგუფის შეხვედრა 8 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარემო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართულმა მხარემ ჯგუფის წევრებს აქ არსებულ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე ე.წ ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ. აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, დაისაჯოს 2016 წელს აფხაზეთის ე.წ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი", - ნათქვამია აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის განცხადებაში. 

საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა 2016 წლის განმავლობაში თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, და 2017 წლის გაზაფხულზე კი ნაბაკევი–ხურჩასა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები დახურეს. მაშინ საქართველოს საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას. 

აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმია. ჯგუფი, თავის მხრივ, ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში: დემოკრატია; დაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგია; ერები და კულტურული თანამშრომლობა. 

კომენტარები