უკრაინის კონფლიქტი

მერკელმა პუტინი უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის მანდატის გაფართოებაზე დაითანხმა

Reuters

გუშინ სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ წამოყენებულ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში მომუშავე ეუთოს დამკვირვებლების დასაცავად გაეროს სამშვიდობო მისიის შექმნას. პუტინმა წინადადება ამის შესახებ 5 სექტემბერს ჩინეთში გამართულ ბრიქსის სამიტზე წამოაყენა. პუტინმა აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები კონტაქტის ხაზიდან გაიყვანენ მძიმე შეიარაღებას და ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სამშვიდობოების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თვით-აღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. თავდაპირველი წინადადების მიხედვით სამშვიდობო მისია მხოლოდ უკრაინის ძალების და დონბასის ამბოხებულების კონტაქტის ხაზით უნდა შემოფარგლულიყო. ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში მას ამ ლიმიტის მოხსნა შესთავაზა, რაც საშუალებას მისცემს გაეროს სამშვიდობოებს თან გაჰყვნენ და დახმარება აღმოუჩინონ ეუთოს დამკვირვებლებს ყველა რეგიონში. კრემლში აცხადებენ რომ პუტინმა გაითვალისწინა მერკელის შემოთავაზება და გამოხატა მხარდაჭერის მზადყოფნა. მისი აზრით ეს მისია ხელს შეუწყობს კონფლიქტის გადაწყვეტას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაზე და აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას ამ საკითხზე, ისინი მხარდაჭერის დაფიქსირებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. ოფიციალური პირების თქმით ისინი არასდროს დათანხმდებიან მისიის დეტალების შეთანხმებას თვით-არიარებულ რესპუბლიკებთან რადგან ეს იქნება მათი „ლეგალიზაციის“ ტოლფასი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ სურთ ამ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მიიღონ რუსმა სამხედროებმა და დსთ-ს ძალებმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად ეუთოს ამერიკელი დამკვირვებელი გარდაიცვალა. ინციდენტის დროს დაშავდნენ აგრეთვე გერმანელი და ჩეხი დამკვირვებლები.

კომენტარები