ლარის გაფასურება

ევროპული საქართველო ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ტაბულა

ევროპული საქართველო ლარის გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. პარტიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე თქვა, რომ ლარის ვარდნა დაბალი ეკონომიკური ზრდით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა ნაბიჯებმა განაპირობა. აბესაძის განცხადებით, წლიური ინფლაცია წლის დასაწყისში მთავრობის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს ბევრად აღემატება, ჯანდაცვაზე, მეტიკამენტებსა და სურსათზე ფასები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"ამ ძალიან მძიმე ფონზე არანაირ იმედს არ იძლევა ის დაბალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც ივლისის თვეში, მხოლოდ და მხოლოდ 3,8% შეადგინა. ყველას კარგად გვახსოვს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო ლარის გამყარება და კეთილდღეობის ზრდა. ჩავარდნილი ლარიზაციის პროექტზე თავიდანვე გეუბნებოდით, რომ არანირი შედეგი არ შეიძლება მოჰყოლოდა. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მეტად გაუფასურებული ლარი, კეთილდღეობის ზრდის ნაცვლად - კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება. ამ ფონზე მართლაც ცინიკურია სამთავრობო გუნდის ის სიმშვიდე და სიჩუმე, რომლითაც ისინი პასუხობენ პრობლემებს. ისინი ელემენტარული განცხადების გაკეთებასაც არ კადრულობენ. სწორედ ამიტომ უმცირესობის სხდომაზე უკვე ოფიციალურად დავიბარეთ და "ევროპული საქართველოს" ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე პასუხს მოვითხოვთ საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან, თუ რატომ არის, რომ ხელისუფლება, რომელიც პოულობს თანხებს, დააფინანსოს ბიუროკრატიული ფუფუნება, ვერასდროს პოულობს თანხებს, გაზარდოს პენსიები, სოციალური შემწეობები, როცა ცხოვრება ასე მნიშვნელოვნად მძიმდება“, - განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები