ხანძრები

შსს მორიგი ხანძრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, ცეცხლს ოთხ ადგილას აქრობენ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგი ხანძრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ცეცხლს ოთხ ადგილას აქრობენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძართან დაკავშირებით შსს ამბობს, რომ "შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია"

რაც შეეხება ხანძარს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარე ტყის მასივში, შსს-ის ცნობით მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი.

ასევე, უწყების ინფორმაციით, ათეულობით მეხანძრე–მაშველი და შსს-ს ვერტმფრენი მუშაობს მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ. ბოლო ინფორმაციით, აქ საჰაერო ძალამ მუშაობა ხვალამდე შეაჩერა.

"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად" - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები