კახა ოქრიაშვილი

წალკა-დმანისის მაჟორიტარი 2016 წელს 15.7 მილიონი ლარით გამდიდრდა

საქართველოს პარლამენტი

წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა. ოქრიაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ის მთელი 15.7 მილიონი ლარით გამდიდრდა.

ოქრიაშვილის შემოსავლის მთავარი წყაროა ლუდის ქარხანა ზედაზენი და "PSP ჰოლდინგი". ოცნების დეპუტატს ეკუთვნის ქვეყნის უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი, საავადმყოფოები და სადაზღვევო კომპანია. 

ოქრიაშვილი ამ კომპანიების უშუალოდ მართვაში ოფიციალურად არ ერევა, რაც კანონის დარღვევა იქნებოდა. ოქრიაშვილის შემოსავლის მთავარი წყარო კომპანიების მიერ მის სასარგებლოდ გადახდილი დივიდენდებია. 

ოქრიაშვილის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობენ და მილიონობით ლარს იგებენ. "PSP დაზღვევამ" წელს საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ავტოპარკის დაზღვევის კონტრაქტი მოიგო, კონტრაქტის ღირებულება 157 ათასია. სახელმწიფო ტენდერების საიტიდან ირკვევა, რომ კომპანია "PSP დაზღვევამ" მოიგო შსს-ს 16.1-მილიონიანი ტენდერი, ასევე 760 ათასიანი ტენდერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

"PSP ფარმას" კი 2011 წლიდან დღემდე 40 მილიონ ლარამდე ტენდერები აქვს მოგებული. 

ოქრიაშვილმა 2016 წელს 20.6 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც 5 მილიონი დახარჯა

2016 წელს "PSP ფარმამ" ოქრიაშვილს დივიდენდის სახით 17 400 000 ლარი გადაუხადა. ამასთავანე დეპუტატმა წარსულში გაცემული სესხებიდან მიიღო ჯამში 3.1 მილიონის შემოსავალი. ოქრიაშვილმა ასევე მიიღო 29 052 ლარის დივიდენდი კომპანია "ელექტრონიკა 94"-დან, ასევე 71 414 ლარი უძრავი ქონების გაქირავებიდან. ამას დაერთო ოქრიაშვილის მიერ დეპუტატობისას აღებული ხელფასი 64 458 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 20 მილიონ 696 ათასი ლარია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოქრიაშვილმა ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი გადარიცხა PSP-ში, რითიც კომპანიის საწესდებო კაპიტალი გაზარდა.

ოქრიაშვილი პარლამენტში 2004-2008 და 2008-2012 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 2012-2016, 2016-დღემდე კი ოცნების მაჟორიტარია.

ოქრიაშვილი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია, 2012 წლამდე ის შემოწირულობებს ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა.

კომენტარები