დემირელის სკოლა

დემირელის კოლეჯი იხურება - სკოლას ავტორიზაცია არ მისცეს

Private Demirel College

დემირელის კერძო კოლეჯი იხურება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. საბჭომ გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, დემირელის სკოლას ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუვიდა და თავიდან ჰქონდა განაცხადი შეტანილი. სკოლას შეუძლია, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივროს.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე თვეა, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ის საქართველოში თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. ჩაბუქს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ბრალდება.

გარდა ამისა, 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის სკოლის ფილიალს - შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რაც ორგანიზაცია TDI-მ არაკონსტიტუციურად შეაფასა. იქამდე, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კომენტარები