36 ბიზნესი დაჯარიმდა - მათ ფასი ლარის ნაცვლად დოლარში ჰქონდათ გამოსახული

ტაბულა

2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან დღემდე ამ წესის დარღვევის 246 შემთხვევა გამოვლინდა. 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული გაფრთხილება. 36 შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 2 შემთხვევაში კი გამოყენებულია განმეორებითი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. დარღვევები ძირითადად ტურისტულ და სამშენებლო სექტორებში გამოვლინდა.

კომპანიებისთვის ლარში ფასდადების ვალდებულების დაწესება "დედოლარიზაციის" სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ცვლილება ბაზარზე ზღუდავს არჩევანის უფლებას, მეწარმეებმა გამოიყენონ ის ვალუტა რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ. ლარში ფასდადება პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზრისკენ არის მიმართული, რადგანაც აღნიშნული ბაზარი პრაქტიკულად სრულად დოლარში ოპერირებს, ასევე მაღალია დოლარიზაცია ავტომობილებით ვაჭრობის სექტორშიც. ეს ბაზრები 1 ივლისიდან ლარში გადაერთნენ. მთავრობის შეფასებით, უძრავი ქონების ლარში გადართვა ამ ბაზარზე პროგნოზირებადობას გაზრდის. 

სახელმწიფო 13 გამონაკლისს აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. გამონაკლისები ძირითადად ტურიზმის, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებს შეეხება. 

13 გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც უცხოური ვალუტით ფასდადება დარღვევად არ ჩაითვლება:

  1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს ან ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.
  2. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.
  3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან.
  4. როუმინგის მომსახურებასთან.
  5. უცხოეთში გადაზიდვების მომსახურებასთან.
  6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან.
  7. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  8. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  9. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებული პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  10. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან. 
  12. უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.
  13. მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალტთან, მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან.

კომენტარები