ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: დენდროლოგიურ პარკში თბილისელებისთვის კომფორტული სივრცე უნდა მოვაწყოთ

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის. Facebook-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კალაძემ აღნიშნა, რომ დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ითვლება პარკად, რომელიც არის მოუვლელი და სასწრაფოდ მისახედი. მისი შეფასებით, "პარკის რეკონსტრუქცია სიცოცხლით გაავსებს არა მარტო მიმდებარე უბნებს, არამედ მთელ ქალაქს". კალაძის თქმითვე, თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი.

"აქ შესაძლებელია, გაკეთდეს ოჯახური დასვენების უზარმაზარი სივრცე. თბილისელებს შეეძლებათ, მოვიდნენ ამ პარკში, რომელიც მათი კომფორტული დასვენებისთვის შესაბამისად იქნება მოწყობილი, აქ იქნება სპორტისთვის განკუთვნილი ადგილები, სარბენი თუ ველობილიკები.

ასევე, აუცილებელია საპიკნიკე ზონების და სასეირნო სივრცეების მოწყობა. პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს პარკის პროექტი. ეს იქნება საოცარი ადგილი, თბილისის ზღვის სიგრილისა და გამწვანების შედეგად შექმნილი უნიკალური სივრცე, სადაც ოჯახებით ამოხვალთ და დაისვენებთ ნებისმიერი უბნიდან. 

თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად შევძლებთ და მოვახერხებთ. მჯერა ისიც, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - თქვა კალაძემ.

კომენტარები