ძალადობა

ცოლის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სისხლის სამართლის კოდექსით, ს.ბ-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის მაქსიმალურ ზომად სწორედ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ნ.ჩ-ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის იანვარში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ასევე ს.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა" - აცხადებს სასამართლო.

ს.ბ-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მას ასევე ბრალად სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომებზე ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

კომენტარები