კარფური

სურსათის სააგენტომ თბილისი მოლის "კარფურში" კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისი მოლში მდებარე ჰიპერმარკეტ კარფურში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ამის გამო, საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარფურმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა ხარვეზები. შესაბამისად, ჰიპერმარკეტს საწარმოო პროცესი უკვე აღდგენილი აქვს.

ცნობისთვის, 2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივრით მიმართა Momxmarebeli.ge-ს და სთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმება. ამის შემდეგ Momxmarebeli.ge-მ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს კარფურის შემოწმების თხოვნით. სააგენტომ უპასუხა, რომ "მაღაზია კარფური შეამოწმეს და მის საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე". კარფურს გაცემული არაკრიტიკული შეუსაბამობების შესასრულებლად გონივრული ვადა მიეცა.

Momxmarebeli.ge ასევე ითხოვდა კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმებას, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა, რომ შპს ვასაძის პურის და შპს ჯეო ბეიკერსის შემოწმების შედეგად, არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. 

კომენტარები