ახალი ავტობუსები

მერია ელისაშვილს: საზაფხულო რეჟიმის გამო, ხაზებზე ნაკლები ავტობუსი მოძრაობს

თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ლექვინაძე ელისაშვილს მოუწოდებს, საზოგადოების ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს. ცნობისთვის, დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს და მათ ხაზზე გაყვანას წინასაარჩევნოდ აპირებს.   

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, დედაქალაქში ამ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს და მგზავრთა შემცირებული რაოდენობის გამო, ხაზებზე ნაკლები ავტობუსი მოძრაობს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, 15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 125 ერთეული ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

"ამ ეტაპზე, ახალი ავტობუსები 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. პეკინის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, მათ კიდევ ერთი, #150 ავტობუსი დაემატება. 15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, ყოველდღიურად, დაახლოებით  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დარჩენილი 18 ავტობუსი კი იქნება სარეზერვო“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში MAN-ის 143 ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ  № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140 მარშრუტებზე.

კომენტარები