ახალი ავტობუსები

69-მილიონიანი ტენდერი დასრულდა - 2019 წელს თბილისში ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი შემოვა

თბილისში 2019 წლის 220 ახალი ავტობუსი შემოვა. თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ავტობუსების ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.

"ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი "ისუზუ“-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია" - ამბობს ვიცემერი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ ყვითელი ბოგდანები, რომლებიც თბილისში წლებია, მოძრაობს, ასევე Isuzu-ს ფირმისაა.

ახალი ავტობუსების საერთო ღირებულება დაახლოებით 69 მილიონი ლარია.

"მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“ - თქვა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, პირველი სატენდერო წინადადება იმიტომ ჩაიშალა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამჟამად, თბილისში Man-ის ფირმის ახალი ავტობუსები დადის. ასევე, მოძველებული ე.წ ყვითელი ავტობუსები, რომლის ჩანაცვლებასაც თბილისის მერია სრულად გეგმავს.

კომენტარები