ფეხბურთი

ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ნეიმარის ტრანსფერისთვის ხელის შეშლას ცდილობს

ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ნეიმარის წარმომადგენლის მიერ ოფისში მიტანილი თანხა და დოკუმენტაციის მიღებაზე უარს ამბობს. 

ლა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით პსჟ ფინანსური Fair Play-ს წესებს არღვევს და მათი უარის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით ფრანგული კლუბი "ფინანსური დოპინგით" არის დაკავებული, რაც ხელს უშლის ფეხბურთის წინსვლას და განვითარებას. ტებასი ნეიმარის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონი ევროს წარმომავლობის დაზუსტებასაც ითხოვს.

ბრაზილიელის ფორვარდის იურისტი კი აცხადებს, რომ ლა ლიგას ტრანსფერის დაბლოკვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და მათი ქმედება არალეგიტიმურია. მისი თქმით, ლა ლიგასთან საერთო ენის ვერ გამონახვის შემთხვევაში პსჟ მოვლენების დასაჩქარებლად ფიფას მიმართავს.

გუშინ, ბარსელონამ ნეიმარს ვარჯიშების გამოტოვების უფლება მისცა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კი თანაგუნდელებსაც დაემშვიდობა. ფრანგული პსჟ ბრაზილიელ ფორვარდში 222 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც ფეხბურთის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება.

კომენტარები