აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ-ის წარმომადგენელთა სახლი რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი თითქმის სრული უმრავლესობით (419 3-ის წინააღმდეგ) დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი სანქციების წინააღმდეგი იყო, თუმცა სანქციების დაწესებას მხარი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. 

მიღებულ დოკუმენტში, აღწერილია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები, მათ შორის საუბარია საქართველოზეც, კერძოდ, 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, ასევე 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის თავისუფალი წვდომის საშუალებას და ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფისთვის მუშაობის საშუალებას ითვალისწინებდა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს საკუთარი ქვეყნების საზღვრებზე წვდომა ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობებს.

"რუსეთის მთავროვა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ამ დრომდე იყენებს სამხედრო ძალას, აწარმოებს სადაზვერვო ოპერაციებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს მათ არჩევნებზე, რაც ცხადი საფრთხეა მთლიანად ევროპისთვის. საპასუხოდ, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაამტკიცონ საკუთარი ინსტიტუტები, პოლიტიკური სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება. აშშ მხარს უჭერს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ებრძვის რუსეთის მთავრობა. მათ შორის, NATO-სა და ევროკავშირს. ამ ორგანიზაციების სიძლიერე და მხარდაჭერა ევროპაში სიმშვიდისა და თავდაცვის გარანტია", - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს სურს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებს ეფექტურად დაუდგეს წინ რუსულ აგრესიას. ქვეყნებს, რომლებსაც NATO-ში ან ევროკავშირში სურთ გაერთიენება. მათ შორის, საქართველოსა და უკრაინას.

"ფინანსური მხარდაჭერა აუცილებელია, რათა ამ ქვეყნება შეძლონ იმ ჰუმანიტარული კრიზისის და არასტაბილურობის აღმოფხვრა, რომელიც რუსულმა აგრესიამ გამოიწვია", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დონალდ ტრამპს კანონპროექტზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია, თუმცა კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება.

კომენტარები