35 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ბოლო 6 დღეში საფეხბურთო კარიერა მეორედ დაასრულა.
კასანომ, რომელმაც იტალიურ ჰელას ვერონასთან კონტრაქტი 10 ივლისს გააფორმა, კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მან აზრი შეიზცვალა. დღეს კი კასანომ კარიერის დასრულების შესახებ ცნობა კიდევ ერთხელ გაავრცელა.
"ფანტანტონიოს" გადაწყვეტილება ჰელას ვერონას პრეზიდენტმაც დაადასტურა.
"მას თავში ყველაფერი რიგზე არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ათლეტურად საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, ის კლუბს დატოვებს. პროფესიონალურ დონეზე მას ვერაფერს დააბრალებ, მან მიიღო გადაწყვეტილება და ამის შესახებ კლუბს ამცნო. მას სახლში, საკუთარ ოჯახთან ყოფნა სურს. სამწუხაროა, რომ მოვლენები ასე განვითარდა", - თქვა ვერონას პრეზიდენტმა მაურიციო სეტიმ.
რთული ხასიათით ცნობილი იტალიელი ფორვარდი სხვადასხვა დროს - რომას, რეალის , მილანისა და ინტერის ღირსებასაც იცავდა. 2003-14 წლებში კი იტალიის ნაკრების ღირსებასაც იცავდა.





