მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე

კახიძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემქნას ითხოვს

მეორე არხი

ევროპული საქათველოს წევრი ოთარ კახიძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შემქნას ითხოვს. ამის შესახებ კახიძემ დღევანდელი ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც  სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი კორძაიამ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში თქვა, რომ მას თავად სოზარ სუბარმა დაუდასტურა, რომ 2013 წლის დეკემბერში ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მართლაც მოხდა. რის შემდეგაც სუბარი მასთან "მესიჯ ბოქსს" ამუშავებდა. სუბარი ამას სიცრუეს უწოდებს.

„თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა, რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ბატონმა კორძაიამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაასრულა მიმდინარე წლის თებერვალში და გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოება, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება  და ამის მიუხედავად, პროკურატურაში გამოძიება არ განახლებულა. მე მინდა ბიუროს წევრებს გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოვეპყროთ ამ გარემოებას, ვინაიდან საგამოძიებო კომისიები იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები იმ უწყებებთან, რომლებსაც რეალურად ევალებათ გამოძიების ობიექტურად ჩატარება.” - ამბობს ოთარ კახიძე

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კეა ბესელია, ამბობს, რომ პარლამენტს არ აქვს უფლება პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების გამო მიმართოს.

"მესმის ეს რასაც უკავშირდება სხვა საკითხი, არ შევდივარ შინაარსში, ის რას გავდა და რა დატვირთავს ატარებდა ეს გამოსვლა, ამ სივრცეში აღარ გადავდივარ, მაგრამ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება არის სრულიად არარელევანტური ახლა ბიუროს სხდომაზე. ვერაფერს ვერ გააკეთებს ვერც ბიურო და პარლამენტი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, კონკრეტული საქმეების გამოძიების დაწყების ან არდაწყების თაობაზე მივმართოთ პროკურატურას.“ - ამბობს ბესელია.

ოთარ კახიძის განმარტებით, ის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შემქნას ითხოვს პარლამენტში, რისი უფლებაც პარლამენტს აქვს. 

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. 

კომენტარები