ოკუპაცია

კალაშნიკოვი: რუსი დეპუტატები საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" მოწვევით ჩამოვლენ

ntv.ru

Известия-ს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარემ და რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში. 

კალაშნიკოვის თქმით, რუსი დეპუტატები საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა მოიწვიეს, რომლებიც 11 ივლისს მოსკოვში რუს დეპუტატებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

"ჩვენ აუცილებლად ჩავალთ თბილისში. რუსი პარლამენტარები სულ მცირე ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. მსგავსი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეკონომიკას. ასევე, შევეცდებით სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია", - თქვა კალაშნიკოვმა.

კომენტარები