მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე

კახიძე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე: მოვუწოდებ ხელისუფლებას განაახლონ გამოძიება

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრო ოთარ კახიძე ხელისუფლებას ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი კორძაიამ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში თქვა, რომ მას თავად სოზარ სუბარმა დაუდასტურა, რომ 2013 წლის დეკემბერში ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მართლაც მოხდა. რის შემდეგაც სუბარი მასთან "მესიჯ ბოქსს" ამუშავებდა. სუბარი ამას სიცრუეს უწოდებს.

"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და კერძოდ ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან ერთად, მოითხოვონ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს გარემო, სადაც მთავარი პროკურორი, სასჯელაღსრულების მინისტრი და პრემიერმინისტრი დანაშაულებრივ სქემებში არ არიან ჩართულები. ამიტომ, მოვუწოდებ მათ კიდევ ერთხელ, სერიოზულად მოეპყრონ ამ მნიშვნელოვან მტკიცებულებას მოწმის ჩვენებას, განაახლონ გამოძიება და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ ყველა კანონდამრღვევი პირი.“ - ამბობს კახიძე

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. 

კომენტარები