პროკურორი: ოთარ აბესაძე ჩანაწერებში კონკრეტულ თანამდებობის პირებს ახსენებს

პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ოთარ აბესაძის საქმეში არის როგორც სატელეფონო საუბრის, ისე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებში ოთარ აბესაძე კონკრეტული თანამდებობის პირებს ახსენებს. პროკურორი არ აკონკრეტებს, ვისზე საუბრობს ბრალდებული.  

"მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და მას ხელს ვერ შევუშლი. სახელებსა და გვარებს, ასევე კონკრეტულ თანამდებობის პირებს ახსენებს. მერიის თანამშრომლების ნაწილი დაკითხულია, ნაწილი - დაიკითხება. გამოძიება ამჟამად ბევრ ვერსიაზე მუშაობს", - განაცხადა პროკურორმა ინტერპრესნიუსის ცნობით. მარშანია არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სხვა პირების
პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ორი დღის წინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები