სტიქია

შსს: ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვის 17 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით 17 შეტყობინება შევიდა. 

ძლიერმა წვიმამ და მის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. 

შსს-ის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა შეტყობინებებზე "მყისიერი რეაგირება მოახდინეს". მათივე ცნობით, ისინი ამ დრომდე განაგრძობენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებსა და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. 

"მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს,"- წერია განცხადებაში. 

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები